დონალდ ტრამპი – ვენესუელის ნავთობით აშშ-ის სტრატეგიულ რეზერვებს შევავსებ
ვენესუელის ნავთობით აშშ-ის სტრატეგიულ რეზერვებს შევავსებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვაპირებ ვენესუელის ნავთობით, არის სტრატეგიული ეროვნული რეზერვების შევსება, რომლებიც „მძინარა ჯო“ ბაიდენის გამო ფაქტობრივად დაცარიელებული იყო. რეზერვების შევსების („ზედა ზღვრამდე შევსების“) პროცესი ძალიან მალე დაიწყება და ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკის შეერთებული შტატების ხალხისთვის”, – წერს ტრამპი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ვენესუელასთან ნავთობის „ისტორიულ“ შეთანხმებას მიაღწია. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ეს ნაბიჯი ამერიკის ნავთობის მარაგებსა და მიწოდებას გაზრდის და ბენზინის ფასებს შეამცირებს.
„ჩემი მითითებით, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა, ვენესუელის უაღრესად პატივცემულ დროებით პრეზიდენტთან, დელსი როდრიგესთან მჭიდრო თანამშრომლობით და კერძო ბიზნესთან პარტნიორობის გზით, უზრუნველყვეს ვენესუელაში 65 მილიარდ ბარელზე მეტი დადასტურებული ნავთობის მარაგის უმეტესობაზე აშშ-ის კონტროლი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის ყოველგვარი ხარჯის გარეშე“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
„სიენენის“ ცნობით, ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება ასევე დადებითად შეაფასა.