დონალდ ტრამპი - ვენესუელაში სანახაობრივი შეტევის განსახორციელებლად უზარმაზარი ძალა იქნა გამოყენებული, ვერცერთი ერი ვერ მიაღწევდა იმას, რასაც ამერიკამ გუშინ მოკლე დროში მიაღწია
დონალდ ტრამპი - ვენესუელაში სანახაობრივი შეტევის განსახორციელებლად უზარმაზარი ძალა იქნა გამოყენებული, ვერცერთი ერი ვერ მიაღწევდა იმას, რასაც ამერიკამ გუშინ მოკლე დროში მიაღწია

ჩემი მითითებით, შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა ვენესუელის დედაქალაქში საგანგებო სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს, – ამის შესახებ  აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრმპმა მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სანახაობრივი შეტევის განსახორციელებლად საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო აღჭურვილობის უზარმაზარი სამხედრო ძალა იქნა გამოყენებული.

„ეს იყო ისეთი შეტევა, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავთ. ეს იყო ოპერაცია კარაკასის გულში, კარგად გამაგრებული სამხედრო ციხესიმაგრის წინააღმდეგ, რათა არაკანონიერი დიქტატორი ნიკოლას მადურო მართლმსაჯულების წინაშე წარედგინათ. ეს იყო ამერიკული სამხედრო ძალისა და კომპეტენციის ერთ-ერთი ყველაზე განსაცვიფრებელი, ეფექტური და ძლიერი დემონსტრირება ამერიკის ისტორიაში. ჩვენ კიდევ რამდენიმე კარგი ოპერაცია ჩავატარეთ. მაგალითად, სოლეიმანზე თავდასხმა, ალ-ბაღდადზე თავდასხმა, ირანის ბირთვული იარაღის განადგურება „შუაღამის შუბის“ სახელით ცნობილი ოპერაციის ფარგლებში. ყველაფერი იდეალურად შესრულდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, მსოფლიოში ვერცერთი ერი ვერ მიაღწევდა იმას, რასაც ამერიკამ გუშინ მოკლე დროში მიაღწია.

„ვენესუელის ყველა სამხედრო პოტენციალი უძლური გახდა, როდესაც ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა, რომლებიც აშშ-ის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად მუშაობდნენ, წარმატებით დააკავეს მადურო ღამის სიბნელეში. კარაკასის შუქები ძირითადად ჩამქვრალი იყო. ეს იყო ბნელი და მომაკვდინებელი. ის მეუღლესთან, სილია ფლორესთან ერთად დააკავეს და ახლა ორივე ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. მადუროს და ფლორესს შეერთებული შტატებისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ სასიკვდილო ნარკოტერორიზმის კამპანიისთვის ბრალი ნიუ იორკის სამხრეთ რაიონში წაუყენეს. თქვენ ნახეთ ამ ქვეყანაში რამდენიმე რეიდი, რომელიც კარგად არ დასრულებულა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.