დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა

12:15, 29.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ამერიკული წარმოების იარაღის მიყიდვის საკითხი განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ The Hill ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთის ლიდერისთვის ამერიკული იარაღის მიყიდვა არ შეუთავაზებია. თუმცა, მან აღნიშნა, რომ ჩინეთს „ალბათ სურს“ მისი ყიდვა.

„ამის შესახებ არასდროს მსმენია. არც არის საჭირო, რომ მას ვკითხო. თქვენ გულისხმობთ, რომ ჩვენ ვაპირებთ მათთვის მიყიდვას? არა, მათ, ალბათ, სურთ მისი ყიდვა, რადგან ჩვენ მათზე უკეთეს აღჭურვილობას ვაწარმოებთ. ასე რომ, შესაძლოა, ეს კარგი იდეა იყოს, მაგრამ ჩვენ ეს არ განგვიხილავს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ვარაუდით, ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ თავის განცხადებაში შეცდომა დაუშვა და ჩინეთი ტაივანში აერია.

„შესაძლოა, ის ტაივანს გულისხმობდა. ვფიქრობ, ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ცნობისთვის, ჩინეთში აშშ-ის ელჩმა, დევიდ პერდიუმ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს ამერიკული იარაღის შეძენა შესთავაზა. პერდიუს თქმით, ტრამპმა შეხვედრისას სი ძინპინს ჰკითხა, ხომ არ სურდა ამერიკული იარაღის შეძენა. დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, კონკრეტულად რა ტიპის შეიარაღებაზე იყო საუბარი.

მსგავსი