დონალდ ტრამპი – თურქეთი სხვა ქვეყნებზე გაცილებით უფრო ერთგული იყო, მისთვის „ეფ-35“-ის თვითმფრინავების მიყიდვა ის საკითხია, რომელსაც განვიხილავთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მალე მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიჰყიდის თუ არა თურქეთს „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს, კონგრესის მიერ დაწესებული აკრძალვის მიუხედავად.
„ჩვენ თურქეთთან უკეთესი ურთიერთობა გვაქვს და თურქეთი ბევრი თვალსაზრისით გაცილებით უფრო ერთგული იყო, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც, ჩვენი აზრით, ერთგულები უნდა ყოფილიყვნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, ბევრის აზრით, თურქეთს „ეფ-35“-ების შეძენის უფლება უნდა ჰქონდეს.
ტრამპის განცხადებით, თვითმფრინავების მიყიდვა ის საკითხია, რასაც მისი ადმინისტრაცია ნამდვილად განიხილავს.