დონალდ ტრამპი - „ტიკ-ტოკთან“ დაკავშირებით მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან, პარასკევს დაველაპარაკები სი ძინპინს, რათა ყველაფერი დავადასტუროთ
აშშ-სა და ჩინეთის შორის „ტიკ-ტოკის“ შესახებ ჩარჩო შეთანხმება მიღწეულია, რომლის მიხედვითაც, აპლიკაცია აშშ-ში ფუნქციონირებას გააგრძელებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს შეთანხმება „ტიკ-ტოკთან“ დაკავშირებით. მე მივაღწიე შეთანხმებას ჩინეთთან. პარასკევს დაველაპარაკები პრეზიდენტ სი ძინპინს, რათა ყველაფერი დავადასტუროთ. ჩვენ ძალიან კარგი სავაჭრო შეთანხმება დავდეთ, იმედი მაქვს, ორივე ქვეყნისთვის კარგი იქნება, მაგრამ ძალიან განსხვავებული, ვიდრე წარსულში იყო. ჩვენ გვყავს ძალიან დიდი კომპანიების ჯგუფი, რომლებსაც მისი ყიდვა სურთ. ამას მალე გამოვაცხადებთ. როგორც იცით, ბავშვებს ძალიან სურდათ ეს. მშობლები მირეკავდნენ. მათ ეს არ სურთ საკუთარი თავისთვის, მათ სურთ ეს თავიანთი შვილებისთვის. ისინი მეუბნებოდნენ, რომ ამას თუ არ გავაკეთებ, დიდ პრობლემებში აღმოჩნდებიან შვილებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტრამპმა.
შეთანხმება გულისხმობს მფლობელობის ცვლილებას პოპულარული ვიდეოპლატფორმისთვის, თუმცა შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ უცნობია. აშშ-ის ოფიციალური პირები განმარტავენ, რომ ეს არის „კერძო მხარეებს შორის შეთანხმება“ და დეტალებს არ გაასაჯაროებენ.