დონალდ ტრამპი – თეთრი სახლი თავისუფალ პრესაზე თავდასხმას არ ახორციელებს, ებრძვის ყალბ ამბებს, რომელიც აშშ-ს სიმსივნესავით მოედო
თეთრი სახლი თავისუფალ პრესაზე თავდასხმას არ ახორციელებს, ეს არის ის, რასაც მე ვაფასებ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
მისი თქმით, თეთრი სახლი ებრძვის „ყალბ ამბებს“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს „სიმსივნესავით მოედო“.
„ის არის კორუმპირებული, მიზანმიმართული, ყოვლისმომცველი, სრულად კოორდინირებული და აბსოლუტურად უმართავი. ის საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და ახლავე უნდა შეჩერდეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ წარმომადგენლების თეთრ სახლში დაშვებას კრძალავს. ტრამპმა ეს გადაწყვეტილება „მათი მუდმივი ყალბი რეპორტაჟებით“ ახსნა და აღნიშნა, რომ მედიასაშუალებებს არ უნდა შეეძლოთ სიცრუის გავრცელება, როცა საუბარია აშშ-ის პრეზიდენტზე, ტრამპის ადმინისტრაციასა, თუ ზოგადად ქვეყანაზე. ამასთან, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, აღნიშნულ სიას სხვა „ყალბი ამბების“ გამავრცელებელი მედიასაშუალებებიც დაემატებიან.
„სიენენის“, MS NOW-ისა და „პოლიტიკოს“ ჟურნალისტებს თეთრ სახლში მდებარე სამუშაო სივრცეებზე წვდომა აღარ აქვთ. CNN-სა და MS NOW-ს ასევე ეკრძალებათ თავიანთი ტელეაღჭურვილობის გამოყენება და კამერების ტერიტორიაზე განთავსება.
„სიენენის“ ცნობით, ტრამპის მიერ თეთრ სახლში აკრედიტაციის ჩამორთმევის შემდეგ, სამი ეროვნული საინფორმაციო საშუალება – „სიენენი“, MS NOW და „პოლიტიკო“, პირველი შესწორებით დაცული უფლებების დასაცავად და თეთრ სახლში წვდომის აღსადგენად, სარჩელს შეიტანს.