დონალდ ტრამპი თაღლითობის საქმეზე ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა
დონალდ ტრამპი თაღლითობის საქმეზე ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა

თაღლითობის საქმის განხილვისთვის დონალდ ტრამპი ნიუ იორკში, მანჰეტენის სასამართლოში მეორედ მივიდა.

საქმის პროკურორმა, ლეტიცია ჯეიმსმა ტრამპი, მისი ორი ზრდასრული ვაჟი და სხვა პირები ათწლეულის მანძილზე ხელსაყრელი საბანკო სესხებისა და დაზღვევის პირობების უზრუნველსაყოფად აქტივების ღირებულების გაზრდაში დაადანაშაულა.

სასამართლოში შესვლამდე დონალდ ტრამპმა საქმის მოსამართლე და პროკურორი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლეტიცია ჯეიმსი „უხეშად არაკომპეტენტურია“, რომელმაც ყალბი საქმე მოიგონა. „ის თაღლითია“, – აცხადებს ტრამპი.

ამასთან, გამოკითხვაზე იმყოფება დონალდ ბენდერი, ტრამპის ყოფილი ბუღალტერი. როგორც „როიტერი“ წერს, ბენდერი ცდილობს საკუთარი უდანაშაულობის ჩვენებას და წარმოაჩენს, თითქოს ტრამპმა და მისმა კომპანიამ მოატყუეს საკუთარი ბუღალტერებიც კი.

ნიუ იორკის გენერალური პროკურორი ითხოვს 250 მილიონი დოლარის ჯარიმას და ტრამპის მშობლიურ შტატში ბიზნესის კეთების აკრძალვას. მოსამართლემ გასულ კვირას განაცხადა, რომ თავისი სიმდიდრის არაერთგზის არასწორად წარმოდგენით ტრამპმა თაღლითობა ჩაიდინა.