დონალდ ტრამპი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს - მე პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი, ყალბი მედია
დონალდ ტრამპი „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს - მე პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი, ყალბი მედია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე მედია გააკრიტიკა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ ავრცელებს.

„მე პრეზიდენტი ვარ, თქვენ კი – ყალბი მედია“, – მიმართა დონალდ ტრამპმა „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტს, ფილიპ რაკერს.

აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რეპორტიორებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტის ანგარიში, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ახალი კორონავირუსის დაძლევა მაღალი ტემპერატურითა და ტენიანობით არის შესაძლებელი.

„ეს არის ბრწყინვალე, ძალიან ჭკვიანი, ბრწყინვალე ადამიანის მხოლოდ ვარაუდი. ის საუბრობს მზეზე, ის საუბრობს სიცხეზე და თქვენ ხედავთ ციფრებს. სულ ეს არის, რაც მაქვს. მე აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ წარმოვადგინო ნიჭი, წარმოვადგინო იდეები“, – განაცხადა ტრამპმა.

სხვა ჟურნალისტმა პრეზიდენტს ასევე დაუსვა კითხვა „სიენენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

„ვფიქრობ, ეს ცნობა არასწორია. მე გავიგე, რომ მათ ძველი დოკუმენტები გამოიყენეს. ვიმედოვნებ, ეს იყო არასწორი ცნობა“, – აღნიშნა ტრამპმა.

ამის შემდეგ კი, „სიენენის“ კორესპონდენტმა აშშ-ის ლიდერს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას კონტაქტი კიმ ჩენ ინთან, რაზეც დონალდ ტრამპმა ტელეკომპანიას ყალბი მედია უწოდა.

სიენენი“ ყალბი მედიაა, ნუ მესაუბრებით“, – მიმართა ტრამპმა რეპორტიორს.