დონალდ ტრამპი შოტლანდიაში ჩავიდა, სადაც გოლფის რიგით მეორე კურორტს ხსნის თარნბერიში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შოტლანდიაში ჩავიდა, სადაც გოლფის რიგით მეორე კურორტს ხსნის თარნბერიში.
დონალდ ტრამპის თქმით, შოტლანდიელი მსახიობის, შონ კონერის დამსახურებაა, რომ თავის დროზე კურორტის მშენებლობის ნებართვები მოიპოვა. კურორტის გარშემო გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, მობილიზებულია პოლიციის 6 000-მდე ოფიცერი, რომლებიც უსაფრთხოებას მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ.
შოტლანდიაში ვიზიტის განმავლობაში დონალდ ტრამპი 28 ივლისს შეხვდება გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს, 27-ში კი – ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს.
შოტლანდიაში ჩასულ ტრამპს ჟურნალისტებმა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის შესახებ დაუსვეს კითხვა, რაზეც პრეზიდენტმა მათ უპასუხა: „გირჩევნიათ, ერთობლივად იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ევროპა აღარ გექნებათ“ და აღნიშნა, რომ ქარის ტურბინები „ქვეყანას ანადგურებს“. „გააჩერეთ ქარის ტურბინები, ისინი ანადგურებს თქვენს ქვეყანას, თქვენს მშვენიერ მთებსა და ხეობებს, ხოცავს ჩიტებს“, – განაცხადა ტრამპმა.
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, „ტრამპ ინთერნეიშენალმა“ წააგო ხანგრძლივი სასამართლო დავა, გაეჩერებინა მსხვილი ქარის ენერგიის ტურბინების მშენებლობა ჩრდილოეთის ზღვაში, აბერდინის სიახლოვეს, სადაც მისი ერთ-ერთი გოლფის კურორტი მდებარეობს. ტრამპი ირწმუნებოდა, რომ პროექტი, რომელიც 11 ქარის ტურბინას მოიცავდა, გააფუჭებდა ხედს მისი კურორტიდან.