დონალდ ტრამპი - შესანიშნავი იქნება, თუ პუტინი და ზელენსკი შეხვდებიან
შესანიშნავი იქნება, თუ პუტინი და ზელენსკი შეხვდებიან, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტს ზელენსკის პუტინისადმი ღია წერილზე ჰკითხეს, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ ამის შესახებ არ იცის, თუმცა ფიქრობს, რომ მათი შეხვედრა შესანიშნავი იქნება.
„მიხარია, რომ ისინი, შესაძლოა, შეხვედრაზე საუბრობენ. ვფიქრობ, ჩვენ ამასთან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ვფიქრობ, შესანიშნავი იქნება, თუ ისინი შეხვდებიან. მათ ეს უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ჟურნალისტმა ჰკითხა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის მზადაა, წავიდეს კომპრომისზე, რომელიც ტრამპმა უკრაინასთან ომის დასასრულებლად მოითხოვა, თუ უკრაინა მზად იქნება მსგავსი კომპრომისებისთვის, რა კომპრომისებზე წასვლა სთხოვა პუტინს?
„ეს მოხდება. ორივე მხარე წავა კომპრომისებზე. მე სწორედ ეს კომპრომისები შევთავაზე. როგორც იცით, ამ პროცესში ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართული. ძალიან გვინდა, ვიხილოთ, როგორ შეთანხმდება ეს ორი ძალიან კარგი ხალხი. ეს ორი მართლაც გამორჩეული ქვეყანაა, ლამაზი ქვეყნებია. მათ ეს უნდა შეაჩერონ. გასულ თვეში დაახლოებით 25 000 ადამიანი დაიღუპა. ძირითადად სამხედროები, უმეტესად ჯარისკაცები. არიან სამოქალაქო პირებიც, მაგრამ უმეტესობა სამხედროა. და, საშუალოდ, ალბათ თითქმის ყოველ თვეში, 25 000 ჯარისკაცი იღუპება. ძალიან მკაფიოდ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს. მაგრამ ამისთვის ორივე მხარე გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს. მინდა, თითოეულმა მხარემ კონკრეტული დათმობები გააკეთოს. ვფიქრობ, ისინი ამას გააკეთებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ცნობისათვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ ომი უნდა დასრულდეს და პუტინს სთავაზობს, მოლაპარაკებებისთვის შეხვედრის კონკრეტული თარიღი განსაზღვრონ.