დონალდ ტრამპი – სერიოზულად განვიხილავ ირანზე კიდევ უფრო მასშტაბური სამხედრო დარტყმების განხორციელებას
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „აქსიოსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ირანის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განახლებას, მათ შორის „ისეთი დარტყმების, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ ფარგლებში განხორციელებულ იერიშებზე უფრო მასშტაბური იქნება“.
ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს ოპერაცია მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს.
ამასთან, აშშ-ის კიდევ ორმა ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ამ დროისთვის შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და სამხედროებს ახალი ბრძანება არ მიუღიათ.
„განვიხილავ მასშტაბურ შეტევას – უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე. გადაწყვეტილების მიღებასთან ძალიან ახლოს ვარ. ამისთვის სრულიად მზად ვართ“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ისრაელს თუ მიმართავს, ის „ორ წუთში“ შეუერთდება ოპერაციას, თუმცა ტრამპმა ასევე თქვა, რომ აშშ-ს „არავინ სჭირდება“ ირანის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დასაწყებად.
მისივე თქმით, ისრაელი დარტყმებში თუ ჩაერთვება, ამას „შედეგები მოჰყვება“, რითაც მიანიშნა, რომ ირანმა, შესაძლოა, საპასუხო იერიშები სწორედ ისრაელის წინააღმდეგ განახორციელოს.
პრეზიდენტის თქმით, ირანს მოლაპარაკებების გაგრძელება სურს, თუმცა ამ ეტაპზე შეთანხმებისთვის მზად არ არის.
„მათ ჯერ საკმარისი ტკივილი არ მიუღიათ“, – განაცხადა ტრამპმა.