დონალდ ტრამპი - სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები და ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან, მსურს, ეს ომი დასრულდეს
დონალდ ტრამპი - სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები და ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან, მსურს, ეს ომი დასრულდეს

აშშ-ის პრეზიდენტი მომავალ კვირას, შესაძლოა, უკრაინელ კოლეგას შეხვდეს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სავარაუდოდ, მომდევნო კვირას პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები და, სავარაუდოდ, ვისაუბრებ პრეზიდენტ პუტინთან. მსურს, რომ ეს ომი დასრულდეს“, – თქვა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ სად შედგება შეხვედრა უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს იქნება ვაშინგტონში, რადგან ის არ აპირებს კიევში ჩასვლას.

ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომის დასრულება ერთ-ერთი მთავარი მიზეზის გამო სურს და ეს მიზეზი არის ის, რომ ძალიან ბევრ ადამიანს კლავენ.

„800 ან 900 ათასი რუსი სამხედროა, რომლებიც დაიღუპნენ და ძალიან მძიმედ დაიჭრნენ. იგივეა უკრაინაშიც. დაახლოებით 700 ათასია უკრაინაში“, – თქვა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სურს, ზელენსკისთან განიხილოს ფინანსური და სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინა აშშ-ისგან იღებს.

„ერთ-ერთი საკითხი, რასაც ჩვენ განვიხილავთ პრეზიდენტ ზელენსკისთან, არის მათი აქტივების უსაფრთხოება. ჩვენ ასევე ვითხოვთ პრეზიდენტ ზელენსკისგან, უზრუნველყოს ამ ფულის სათანადოდ მოხმარება“, – თქვა ტრამპმა.