დონალდ ტრამპი სამი ათასი ადამიანის შეწყალებას გეგმავს, მათ შორისაა მოკრივე მუჰამედ ალი
დონალდ ტრამპი სამი ათასი ადამიანის შეწყალებას გეგმავს, მათ შორისაა მოკრივე მუჰამედ ალი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამი ათასი ადამიანის შეწყალებას გეგმავს, მათ შორისაა ცნობილი მოკრივე მუჰამედ ალი, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კანადაში, დიდი შვიდეულის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ის განიხილავს დაახლოებით სამი ათასი ადამიანის შეწყალების საკითხს, რომლებსაც შესაძლოა, უსამართლოდ მოექცნენ.

„ჩვენ გვაქვს სამი ათასი სახელი. ჩვენ მათ განვიხილავთ. ამ სამი ათასი სახელიდან ბევრს უსამართლოდ მოექცნენ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ზოგიერთი პატიმრის შემთხვევაში სასჯელი ზედმეტად მკაცრია.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ის განიხილავს 2016 წელს გარდაცვლილი მუჰამედ ალის შეწყალების საკითხს. მოკრივეს 1967 წელს ვიეტამის ომში მსახურებაზე უარის თქმის გამო ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მუჰამედ ალი არ დაუპატიმრებიათ, ვინაიდან მის საქმეს სააპელაციო სასამართლო განიხილავდა. 1971 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ საბრალდებო განაჩენი გააუქმა.

როგორც სააგენტო Reuters-ი წერს, ამის გათვალისწინებით, გაურკვეველია, რატომ განიხილავს დონალდ ტრამპი მუჰამედ ალის შეწყალებას.

მუჰამედ ალის ადვოკატმა Fox News-თან საუბრისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინიციატივა დასაფასებელია, თუმცა არ არის აუცილებელი, რადგამ უზენაეს სასამართლო საბრალდებო განაჩენი დიდი ხნის წინ აქვს გაუქმებული.