დონალდ ტრამპი - პუტინმაც მითხრა, რომ შეუძლებელია, ფოსტით ხმის მიცემით სამართლიანი არჩევნები გქონდეს და 2020 წლის არჩევნები ფოსტით ხმის მიცემის გამო წავაგე
დონალდ ტრამპი - პუტინმაც მითხრა, რომ შეუძლებელია, ფოსტით ხმის მიცემით სამართლიანი არჩევნები გქონდეს და 2020 წლის არჩევნები ფოსტით ხმის მიცემის გამო წავაგე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ეთანხმება, რომ ფოსტით ხმის მიცემით სამართლიანი არჩევნები ვერ იქნება.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ანკორიჯში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ „ფოქს ნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვლადიმერ პუტინმა ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა: „თქვენი არჩევნები გაყალბდა, რადგან ფოსტით ხმის მიცემა გაქვთ. არცერთ ქვეყანას არ აქვს ფოსტით ხმის მიცემა. შეუძლებელია, ფოსტით ხმის მიცემა და, ამავე დროს, სამართლიანი არჩევნები გქონდეთ“. მან ეს თქვა, როდესაც 2020 წლის შესახებ ვსაუბრობდით. მან თქვა, „თქვენ ეს არჩევნები ამხელა სხვაობით მოიგეთ. გამარჯვება რომ მოგეპოვებინათ, ომის მდგომარეობაში არ ვიქნებოდით და მილიონობით ადამიანი იქნებოდა ცოცხალი. არჩევნები წააგეთ ფოსტით ხმის მიცემის გამო, ეს იყო გაყალბებული არჩევნები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეუძლებელია, გქონდეს დიდებული დემოკრატია ფოსტით ხმის მიცემით.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, ფოსტით ხმის მიცემის სხვადასხვა ფორმა მოქმედებს დაახლოებით 30 ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, თუმცა ამ ქვეყნების უმეტესობაში გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული, თუ რა კატეგორიის ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა ფოსტით.