დონალდ ტრამპი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა
დონალდ ტრამპი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძართან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბრა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მინესოტაში, შეხვედრაზე განაცხადა.

„მე კომუნიკაცია მაქვს საფრანგეთის წარმომადგენლებთან. მათ იქ საშინელი ხანძარი აქვთ. როგორც ჩანს, ის მთლიანად დაიწვება. ეს ჩვენი კულტურის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია. მე იქ ვიყავი. მსოფლიოში სხვა ასეთი ტაძარი არ არის. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი საგანძურია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში უკვე რამდენიმე საათია, ხანძარია. ბოლო ინფორმაციით, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხანძარი ტაძარში არსებულ რელიკვიებს არ შეხებია.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.