დონალდ ტრამპი მზად არის, სექსუალური შევიწროების საქმეზე წერილობითი ჩვენებები მისცეს
დონალდ ტრამპი მზად არის, სექსუალური შევიწროების საქმეზე წერილობითი ჩვენებები მისცეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, სექსუალური შევიწროების საქმეზე წერილობითი ჩვენებები მისცეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სასამართლოს მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპს სექსუალურ შევიწროებაში ტელეშოუ „მოსწავლის“ ერთ-ერთი მონაწილე სამერ ზერვოსი ადანაშაულებს. დონალდ ტრამპის წერილობითი დაკითხვა 28 სექტემბერს უნდა შედგეს.

სამერ ზერვოსმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2017 წელს შეიტანა. მისი მტკიცებით, სექსუალური შევიწროების შემთხვევა 2007 წელს, კალიფორნიაში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ტელეშოუს მონაწილემ ინციდენტის შესახებ პირველად საჯაროდ 2016 წელს, საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა. დონალდ ტრამპი დანაშაულს უარყოფს და ზერვოსს ცილისწამებაში სდებს ბრალს.

შეგახსენებთ, 2016 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე ქალმა დონალდ ტრამპი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მედიაში მილიარდერის სექსისტური განცხადებების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა.