ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან მეორე შეხვედრას მოუთმენლად ელოდება იმისთვის, რომ ჰელსინკიში განხილული საკითხების რეალიზაცია მოხდეს. ამის შესახებ ტრამპმა მიკრობლოგ „თვითერის“ გვერდზე დაწერა.
„მოუთმენლად ველი მეორე შეხვედრას, რომ შევძლოთ ჰელსინკიში განხილული საკითხების რეალიზება, რომელთა შორისაა ტერორიზმი, ისრაელის უსაფრთხოება, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ კორეა და ასე შემდეგ“,- წერს დონალდ ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მისი შეხვედრა პუტინთან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო .
„რუსეთთან სამიტს ჰქონდა ძალიან კარგი შედეგი, ოღონდ არა ნამდვილი მტრებისთვის – ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი მედიისთვის“,- წერს ტრამპი.