დონალდ ტრამპი - მკაცრი შეზღუდვები რომ არ მიგვეღო, აშშ-ში 2,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპებოდა
დონალდ ტრამპი - მკაცრი შეზღუდვები რომ არ მიგვეღო, აშშ-ში 2,2 მილიონ ადამიანზე მეტი დაიღუპებოდა

აშშ-ში მკაცრი შეზღუდვები რომ არ დაწესებულიყო, კორონავირუსით 2,2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპებოდა, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„სულ ვეკითხები ექიმებს, რა მოხდებოდა, რომ არ დაგვეწესებინა მკაცრი წესები და იყო ჯგუფი, რომელიც ამბობდა, მოდი მივუშვათ ეს ყველაფერი თავის ნებაზე. ამ შემთხვევაში ყველაზე მცირე 1,6 მილიონი ამერიკელი დაიღუპებოდა, მაგრამ შეიძლება დაღუპულიყო 2,2 მილიონზე მეტიც კი. ადამიანები დაიღუპებოდნენ ყველგან, თვითმფრინავებში, სასტუმროებში“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ძალიან რთულია, როდესაც ექიმები ვარაუდობენ, რომ მკაცრი შეზღუდვების პირობებშიც კი, შესაძლოა, 100 000-დან 200 000-მდე ადამიანი დაიღუპოს.

„ბევრი მეგობარი და ბიზნესმენი მეუბნებოდა, მოდი არაფერი გავაკეთოთო. ჩათვალე, რომ ეს უბრალო გრიპიაო. მაგრამ, ეს არ არის გრიპი. მეგობარს აცილებ საავადმყოფოში და მეორე დღეს ურეკავ და ის კომაშია – ასეთი რამ მეც მომივიდა. ასე რომ, ეს არ არის გრიპი. თავდაპირველად ბრიტანეთშიც უნდოდათ ამ დაავადების მიშვება, ამ კონცეფციას განიხილავდნენ, თუმცა, შემდეგ ისინიც მიხვდნენ, რომ ეს არ შეიძლებოდა და ეს იქნებოდა კატასტროფა. ახლა ბორისიც ინფიცირებულია. იმედია, ის კარგად იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.