დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ამერიკული პოლიტიკის ისტორიაში უდიდეს თაღლითობას უწოდებს
დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ამერიკული პოლიტიკის ისტორიაში უდიდეს თაღლითობას უწოდებს

დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ დაწყებულ იმპიჩმენტის პროცედურას ამერიკული პოლიტიკის ისტორიაში უდიდეს თაღლითობას უწოდებს. აშშ-ის პრეზიდენტი იმპიჩმენტის პროცესს თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აკრიტიკებს.

„ის, რაც ახლა ხდება, ამერიკული პოლიტიკის ისტორიაში უდიდესი თაღლითობაა. დემოკრატებს სურთ, წაგართვან თქვენ იარაღი, წაგართვან ჯანდაცვა, წაგართვან თქვენი ხმები, წაგართვან მოსამართლეები, წაგართვან თავისუფლება, მათ სურთ, წაგართვან ყველაფერი. ჩვენ არასდროს დავუშვებთ ამას. ვიბრძვით, რომ ამოვაშროთ ეს ჭაობი და ეს არის სწორედ ის, რასაც ვაკეთებ.

ყველაფერი მარტივადაა, ისინი ცდილობენ, შემაჩერონ, რადგან მე ვიბრძვი თქვენთვის და მე არასდროს დავუშვებ ამას“, – აღნიშნავს ტრამპი 38-წამიან ვიდეომიმართვაში.

კონგრესში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს. ოპონენტები დონალდ ტრამპს ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დასაწყებად უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს.