დონალდ ტრამპი – მინდა, ვლადიმერ პუტინთან სამიტი მაშინ გავმართოთ, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად ვიქნებით და როცა ომი დასასრულს მიუახლოვდება

00:08, 03.09.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან სამიტის გამართვა სურს მაშინ, როდესაც ცხადი გახდება, რომ მხარეები უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად არიან. ამის შესახებ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მას ჰკითხა, არსებობს თუ არა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში მასთან კიდევ ერთი სამიტის გამართვას დათანხმდება.

„მე თუ მოვინდომებდი, ის ამას გააკეთებდა, მაგრამ მე მინდა, ეს მაშინ გავაკეთოთ, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებისთვის მზად ვიქნებით. ჩვენ გვინდა, კარგი ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან, უკრაინასთან, ყველასთან. ეს ბიზნესისთვის შესანიშნავი იქნება. რუსეთს დიდი და ძალიან ღირებული მიწები აქვს. იქ ბევრი კარგი რამ ხდება. ჩვენ კიდევ ერთი სამიტის გამართვა შეგვეძლო. ვფიქრობ, ამას დაუყოვნებლივ შევძლებდი. მინდა, ეს მაშინ გავაკეთოთ, როდესაც ეს ომი დასასრულს მიუახლოვდება. ვფიქრობ, რომ ასეც იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებზე საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ლიდერებს შორის „უზარმაზარი მტრობაა“.

„ორ პრეზიდენტს შორის უზარმაზარი მტრობაა, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკვე საკმაოდ ახლოს არიან. დრო ახლოვდება. როგორც ჩანს, მათ ახალი ენერგია შეემატათ. ორივესთან ვმუშაობ და ვფიქრობ, ისინი ომს შეწყვეტენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი