დონალდ ტრამპი – მინდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მანქანებზე თავდასხმა აღარასდროს მოხდეს, დაკავებისა და პატიმრობის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაიცა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ის ადამიანები გააკრიტიკა, რომლებიც ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს ქვებსა და აგურებს ესროდნენ.
დონალდ ტრამპმა ამ ადამიანებს „ამაზრზენი“ უწოდა.
„ტეხასიდან ვბრუნდებოდი და გაოცებული ვუყურებდი, როგორ ესროდნენ ბანდიტები ქვებსა და აგურებს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს, როდესაც ისინი თავიანთი ან სამსახურეობრივი მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ამ მანქანებს უზარმაზარი ზიანი მიადგათ. ზუსტად ვიცი, ამ თანამშრომლებს უჭირთ ამ ყველაფრის დაშვება, რადგან ეს აჩვენებს უპატივცემულობას კანონისა და წესრიგის მიმართ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტსა და სამართალდამცველებს დაავალა, დააკავონ ნებისმიერი პირი, ვინც თავს ესხმით ქვებით ან აგურებით, „ამისთვის საჭირო ნებისმიერი საშუალების გამოყენებით“.
„მე ვაძლევ სრულ უფლებამოსილებას საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს, დაიცვან თავი, ისევე როგორც იცავენ საზოგადოებას. მინდა, აღარასდროს მოხდეს, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მანქანაზე თავდასხმა მოხდეს! დაკავებისა და პატიმრობის უფლებამოსილება დაუყოვნებლივ გაიცა“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.