დონალდ ტრამპი – მიეცით ხმა რესპუბლიკელებს, თუ ხმას არ მისცემთ, ჯოჯოხეთში მოხვდებით
შუალედური არჩევნებისადმი მიძღვნილ რესპუბლიკური პარტიის ღონისძიებაზე, რომელიც ტეხასის შტატის ქალაქ დალასში გაიმართა, სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დამსწრე საზოგადოებასთან ხმის მიცემის თემაზე იხუმრა. მედიის ცნობით, ტრამპმა შეკრებილებს ფიცი დაადებინა.
„გთხოვთ, მარჯვენა ხელი ასწიოთ. პირობას ვდებ შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი პრეზიდენტის წინაშე – პრეზიდენტის, რომელსაც ისე ძლიერ ვუყვარვართ, რომ სუნთქვაც კი უჭირს, რომ მე, ჩემს ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში. არ მაინტერესებს, რეგისტრირებული ვარ თუ არა. მე მივალ და თან წავიყვან მეგობრებსა და ოჯახის წევრებს; ჩვენ ხმას მივცემთ 3 ნოემბერს ან მანამდე“, – განაცხადა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ დარბაზში შეკრებილი ყველა ადამიანი ხმას მისცემდა რესპუბლიკურ პარტიას. ამასთან, განაცხადა, რომ ამომრჩევლები ნოემბერში ხმას თუ არ მისცემენ, ისინი „ჯოჯოხეთში მოხვდებიან“.
„თუ გსურთ, შეგიძლიათ, ხმა მისცეთ დემოკრატებს, თუმცა არ მგონია, ამ დარბაზში ვინმე იყოს ისეთი, ვინც დემოკრატებს მისცემს ხმას. არ მგონია ასე და ამიტომ, ზედმეტ სიტყვებს არ დავხარჯავ: ხმა რესპუბლიკელებს მიეცით. თქვენ იცით, რა მოხდება, თუ ხმას არ მისცემთ? – თქვენ ჯოჯოხეთში მოხვდებით. იცით ეს?“ – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა შეკრებილებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის 19 თვის განმავლობაში მან ყველა დაპირება შეასრულა. შეკრებილებს ტრამპმა ასევე უთხრა, რომ დემოკრატები ძალაუფლებას თუ დაიბრუნებენ, ისინი მოქალაქეებს ქონებას ჩამოართმევენ.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების გამარჯვების შემთხვევაში თითოეულ სრულწლოვან მოქალაქეს 5 ათას დოლარს გადაუხდის.