დონალდ ტრამპი - მექსიკასთან შეთანხმებას თუ ვერ მივაღწიეთ, ორშაბათიდან ტარიფებს დავაწესებთ
დონალდ ტრამპი - მექსიკასთან შეთანხმებას თუ ვერ მივაღწიეთ, ორშაბათიდან ტარიფებს დავაწესებთ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ მექსიკის ხელისუფლებასთან იმიგრანტების თაობაზე შეთანხმება ვერ შედგება, მაშინ ვაშინგტონი მექსიკურ საქონელზე ხუთ პროცენტიან ტარიფს დააწესებს.

მანამდე ტელეკომპანია „ენბისიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 5 ივნისს მექსიკის და აშშ-ის მთავრობების წარმომადგენელთა მოლაპარაკებები იმიგრანტების რაოდენობის შემცირების საკითხზე, წარუმატებელი აღმოჩნდა.

„იმიგრაციის საკითხზე მექსიკის წარმომადგენლებთან თეთრ სახლში მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდა. პროგრესი არის, მაგრამ საზღვარზე დაკავებების რიცხვი მაისში საკმარისი არ არის. ახლა ეს ციფრი არის 133 000. ეს მექსიკის და დემოკრატების მიერ კონტროლირებადი კონგრესის ბრალია, რომლებიც საიმიგრაციო რეფორმის დაფინანსებაზე უარს ამბობენ“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ტრამპი მექსიკისგან აშშ-ში მიმავალი მიგრანტების ნაკადის შემცირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მექსიკიდან აშშ-ში იმპორტირებული პროდუქციაზე 5%-იანი ტარიფის დაწესებით იმუქრება.

ტრამპის ინიციტივით, შეზღუდვები შეეხება მანქანებს, ლუდს, ტეკილას, ხილს და ბოსტნეულს. თუ ტრამპის გეგმა ძალაში შევა, მაშინ მექსიკურ პროდუქციაზე ტარიფები ეტაპობრივად გაიზრდება და ოქტომბერში 25%-ს მიაღწევს.