დონალდ ტრამპი - მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას აშშ-ში დაგეგმილ სახელმწიფო ვიზიტს შეუძლია, ბრიტანეთსა და აშშ-ს ურთიერთობების აღდგენაში დაეხმაროს
მეფე ჩარლზისა და დედოფალ კამილას აშშ-ში დაგეგმილ სახელმწიფო ვიზიტს შეუძლია, ბრიტანეთსა და აშშ-ს ურთიერთობების აღდგენაში დაეხმაროს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, გაერთიანებული სამეფოს მონარქი „ფანტასტიკური ადამიანია“ და მას კარგად იცნობს.
„აბსოლუტურად. ის ფანტასტიკურია. ის ფანტასტიკური ადამიანია. მას კარგად ვიცნობ. წლებია, ვიცნობ. ის მამაცი და შესანიშნავი ადამიანია. მათი ვიზიტი აბსოლუტურად დადებითი იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.
ინტერვიუში პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან ურთიერთობაზე, რომელიც, მისი თქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოსწორდება, თუ სტარმერი თავის კურსს შეცვლის.
ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს მონარქისა და მისი მეუღლის 4-დღიანი ვიზიტი აშშ-ში მომდევნო კვირაში, ორშაბათს დაიწყება. მათ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში უმასპინძლებს.
ამასთან, მეფე ჩარლზი აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა. სამეფო წყვილის ვიზიტი აშშ-ის დამოუკიდებლობის მოპოვების 250-ე წლისთავის აღნიშვნას უკავშირება.