ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ის აშშ-ის „ჩრდილოვან მმართველებს“ ებრძვის. ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ეიბისისთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ტრამპის თქმით, მისთვის იმპიჩმენტის მოწყობა „ჩრდილოვანმა მმართველებმა“ სცადეს.
„მე ვებრძვი ამ ქვეყნის ჩრდილოვან მმართველებს. მე ვებრძვი ჭაობს. მე გამოვააშკარავებ ამ ჭაობს. თუ ყველაფერი ისე წავა, როგორც მიდის, ეს ფანტასტიკურია. მე მაქვს შანსი, გავტეხო „ჩრდილოვანი მმართველები“. ეს მანკიერი ხალხის ჯგუფია. ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. მათ არ ეგონათ, რომ მე საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებდი, მაგრამ მე მოვიგე არჩევნები. შემდეგ მათ სცადეს ჩემი თავიდან მოშორება“, – განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე გააკრიტიკა დემოკრატიული პარტია და მედია, რომელიც, მისი თქმით, „კორუფციაშია ჩაფლული“.
„მე ვებრძვი ძალიან ძლიერ პარტიას – დემოკრატებს. მე ვებრძვი ობსტრუქციონისტებს – მედიას. მედია კორუმპირებულია ამ ქვეყანაში. მედია ტოტალურად კორუმპირებულია“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.