დონალდ ტრამპი - მანიაკები ცდილობენ, გაიტანონ ეს არანორმალური იმპიჩმენტი
დონალდ ტრამპი - მანიაკები ცდილობენ, გაიტანონ ეს არანორმალური იმპიჩმენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარმომადგენელთა პალატაში მის წინააღმდეგ მიმდინარე იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და დემოკრატებს „მანიაკები“ უწოდა. ეს განცხადება დონალდ ტრამპმა ფლორიდაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. მან რუსეთთან შესაძლო კავშირის საქმეზე მის წინააღმდეგ გამოძიებას და იმპიჩმენტის პროცედურას კვლავ „ალქაჯებზე ნადირობა“ უწოდა.

„რადიკალი მემარცხენე დემოკრატები ცდილობენ ჩვენი ერის გახლეჩვას. თავიდან იყო რუსეთთან დაკავშირებული თაღლითობა. ეს იყო დამხობის წარუმატებელი მცდელობა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უდიდესი თაღლითობა. შემდეგ მიულერის გარიგება. გახსოვთ ეს აურზაური? მათ არაფერი ჰქონდათ. ორი წლის განმავლობაში მათ დახარჯეს 45 მილიონი დოლარი და რეალური ღირებულება ამ რიცხვზე გაცილებით დიდია. ახლა კი, იგივე მანიაკები ცდილობენ, გაიტანონ ეს არანორმალური იმპიჩმენტი. ალქაჯებზე ნადირობა – იგივე, რაც აქამდე იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ფლორიდაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.

„როდესაც მძინარა ჯო უკრაინის პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი, მისი შვილი, სად არის ის? სად არის ჰანტერი? რა დაემართა ჰანტერს? მისი შვილი იღებდა მილიონობით დოლარს უკრაინის ენერგოკომპანიისგან – თქვენ იცით ამ კომპანიის რეპუტაცია – იმის მიუხედავად, რომ ენერგეტიკის აბსოლუტურად არაფერი გაეგება“, – განაცხადა ტრამპმა.

ოპონენტები დონალდ ტრამპს ადანაშაულებდნენ უკრაინის ლიდერ ვლადიმირ ზელენსკიზე ზემოქმედებაში, რომ მას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ იმპიჩმენტთან დაკავშირებით 4 დეკემბერს, კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე მიიწვიეს.