დონალდ ტრამპი კითხვაზე „არის თუ არა მზად, გრენლანდიის მისაღებად დატოვოს ნატო“ - არ ვაპირებ ვარიანტებზე უარის თქმას, გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დანიას რუსეთისა და ჩინეთისგან გრენლანდიის დაცვა არ შეუძლია და მხოლოდ შეერთებულ შტატებს აქვს ამის შესაძლებლობა.
ამასთან, ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, არის თუ არა მზად, დატოვოს ნატო-ს ალიანსი გრენლანდიის მისაღებად.
„არ ვაპირებ ვარიანტებზე უარის თქმას. გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის, მათ შორის დანიისთვის”, – უპასუხა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, პრობლემა ის არის, რომ თუ რუსეთი ან ჩინეთი გრენლანდიის დაკავებას მოისურვებს, დანიას ამის თავიდან აცილება არ შეუძლია, აშშ-ს კი შეუძლია.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა „ოქროს გუმბათის“ აშენების გეგმებზე და აღნიშნა, რომ სარაკეტო თავდაცვის სისტემა მისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ამოქმედდება.
მანამდე გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე მკაფიოდ დაასახელა „წითელი ხაზები“.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, პატივს სცემს თუ არა აღნიშნულ „წითელ ხაზებს“, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა: „ვნახავთ, რა მოხდება გრენლანდიასთან დაკავშირებით. გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის გვჭირდება“.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ გრენლანდიის საკითხზე ნატო-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტესაც ესაუბრა.