დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს
დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს სამშვიდობო შეთანხმების გასაფორმებლად სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს.

დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს სოციალურ ქსელ „ტვიტერით“ მიმართა და დაწერა, რომ მას მალე ნახავს.

„ბატონო თავმჯდომარე, ჯო ბაიდენი შესაძლოა, იყოს ნამძინარევი და ძალიან ნელი, მაგრამ ის „ცოფიანი ძაღლი“ არ არის. ის სინამდვილეში უფრო უკეთესია, მაგრამ მე ვარ ერთადერთი, ვისაც შეუძლია, მიგიყვანოთ იქ, სადაც უნდა იყოთ. თქვენ სწრაფად უნდა იმოქმედოთ. მალე გნახავთ!“, – წერს ტრამპი „ტვიტერში“.

„როიტერი“ წერს, კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისთვის, ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიამ გასულ კვირას ჯო ბაიდენი „ცოფიან ძაღლად“ მოიხსენია. ჩრდილოეთ კორეამ აშშ-ს მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მეტი მოქნილობისკენ მოუწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 2018 წლის შემდეგ სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მოლაპარაკების მთავარი მიზანი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღებაა. სანაცვლოდ ფხენიანი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.

17 ნოემბერს, ტაილანდში ვიზიტისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდასაჭერად, აშშ-ის და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება გადაიდება.