დონალდ ტრამპი - კარგი საუბარი მქონდა ტაილანდისა და კამბოჯის პრემიერ-მინისტრებთან, ისინი შეთანხმდნენ, რომ სროლას შეწყვეტენ და თავდაპირველ სამშვიდობო შეთანხმებას დაუბრუნდებიან
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
„დღეს დილით ძალიან კარგი საუბარი მქონდა ტაილანდის პრემიერ-მინისტრთან, ანუტინ ჩარნვირაკულთან და კამბოჯის პრემიერ-მინისტრთან, ჰუნ მანეტთან მათი ხანგრძლივი ომის ძალიან სამწუხარო განახლებასთან დაკავშირებით. ისინი შეთანხმდნენ, რომ დღეს საღამოდან შეწყვეტენ სროლას და დაუბრუნდებიან თავდაპირველ სამშვიდობო შეთანხმებას“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბომბის აფეთქება, რომელსაც ტაილანდელი სამხედროების სიცოცხლე შეეწირა შემთხვევითი იყო და ტაილანდმა ამ შემთხვევას მკაცრად უპასუხა.
„ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გასაგრძელებლად. ჩემთვის პატივია, ვიმუშაო ანუტინსა და ჰუნთან იმის გადაწყვეტაზე, რაც შეიძლებოდა, გადაზრდილიყო დიდ ომად ორ შესანიშნავ და აყვავებულ ქვეყანას შორის“, – წერს ტრამპი.