დონალდ ტრამპი – კანადას არაფერი აქვს ისეთი, რაც ჩვენ გვჭირდება, დროა, ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კანადას უნდა „ასწავლონ“, რომ ვაშინგტონთან შეთანხმებების ჩაშლა უპასუხისმგებლო ნაბიჯია.
„დროა, კანადას ვასწავლოთ, რომ ასე მოქცევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, კანადას „საკმაოდ კარგი შეთანხმება“ შესთავაზა, თუმცა ოტავამ უარი თქვა.
„მე მქონდა შეთანხმება, საკმაოდ კარგი შეთანხმება. მათ არაფერი აქვთ ისეთი, რაც ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. შეგვიძლია, მათ გარეშეც ვიყოთ. არის რამდენიმე რამ, რაც გარკვეულ უხერხულობას შეგვიქმნის, მაგრამ მათ სხვაგანაც მივიღებთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, ვაჭრობის საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, პიტერ ნავარომ განაცხადა, რომ საბოლოოდ, კანადა იმაზე უარეს პირობებს მიიღებს, რაც შეთავაზებული იყო.
„ეს კანადისთვის კარგად არ დასრულდება. ის შეთანხმება, რომელზეც უარი თქვით, აღარასდროს გექნებათ. რასაც საბოლოოდ მიიღებთ, იმაზე ნაკლები იქნება. ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ ამ შეთანხმებაზე უარი არ უნდა ეთქვათ”, – განაცხადა ნავარომ.
ტრამპმა კანადიდან იმპორტირებულ დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ჩაიშალა. ტრამპმა ასევე გამოაცხადა კანადური ავტომობილებისა და მათი ნაწილების 50%-იანი ტარიფი, რომელიც პირველი იანვრიდან შევა ძალაში. კანადამ კი საპასუხო ტარიფები დააწესა, რომელიც 8 სექტემბრიდან ამოქმედდება.