დონალდ ტრამპი - ჯამალ ხაშოგის მკვლელობაზე საუდის არაბეთის განმარტება მსოფლიოში ყველაზე ცუდი ლეგენდაა
დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოზიცია ჟურნალისტ, ჯამალ ხაშოგის საქმესთან დაკავშირებით, საკმაოდ მკაცრია.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ჯერ კიდევ არ არსებობს მოვლენის სრული სურათი. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის განმარტება ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, „მსოფლიოში ყველაზე ცუდი ლეგენდაა“, თუმცა სანამ ერდოღანის პოზიციას გაიზიარებს, მას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება.
„უპირველეს ყოვლისა, ფაქტების ნახვა მსურს. საუდის არაბეთი ძალიან კარგი მოკავშირეა. ისინი ერთ-ერთი უმსხვილესი, შესაძლოა, ყველაზე დიდი ინვესტორები არიან ჩვენს ქვეყანაში. ისინი ასობით მილიარდი დოლარის ინვესტიციებს დებენ. შესაბამისად, არსებობს ბევრი სამუშაო ადგილი. მაგრამ თუ ფაქტები იარსებებს, ეს ძალიან ცუდი იქნება“,- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ბოლო დღეებში ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპის განცხადებები საუდის არაბეთის მიმართ გარკვეულ მუქარებს შეიცავდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ეკონიმიკური სანქციების დაწესებაც არ გამორიცხა.
ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის მიმართ გარკვეული ზომების მიღებას კონგრესი განიხილავს.