დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა
დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს განადგურებით დაემუქრა.

„ამერიკული სამიზნეების წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, აშშ გასაოცარი ძალით უპასუხებს. ზოგიერთ სფეროში ეს სრული განადგურება იქნება“, – ეს განცხადება დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

დონალდ ტრამპმა ირანის ლიდერები აგრესიულ პოლიტიკაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი რეალობას არ აღიქვამენ.

„ირანს არ ესმის სიკეთე და თანაგრძნობა, არც არასდროს ესმოდა. მათ მხოლოდ ძალა ესმით, აშშ-ს კი, მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა ამგვარად უპასუხა ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის განცხადებას, რომელშიც ირანის ლიდერმა თეთრი სახლის გადაწყვეტილება აიათოლა ალი ხამენეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე, „ჭკუასუსტობად“ შეაფასა.

თეირანში აცხადებენ, რომ ახალი სანქციები გზას უკეტავს კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ გზას.