დონალდ ტრამპი - ირანს ჩვენთან ვაჭრობა სურს, მე ვაჭრობას ვიყენებ ანგარიშების გასასწორებლად და მშვიდობისთვის, თუმცა ირანს ვუთხარი, რომ ბირთვულ შეთანხმებას გავაფორმებთ და ძალიან ბედნიერი იქნებით
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ირანს აშშ-თან ბირთვული შეთანხმების გაფორმება სურს.
როგორც ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, ვაშინგტონი თეირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღის განვითარება შეწყვიტოს.
ტრამპის თქმით, ის ირანს „ზეთისხილის რტოს უწვდის ამ მოლაპარაკებებში“.
„ჩვენ მივალთ გადაწყვეტამდე, ამა თუ იმ ფორმით. ეს იქნება ან ძალადობრივი, ან არაძალადობრივი. არ მინდა, რომ ეს ძალადობრივი გზით მოხდეს, მაგრამ მათ არ ექნებათ ბირთვული იარაღი. ვფიქრობ, მათ სურთ შეთანხმება. მათ ნავთობის უზარმაზარი მარაგი აქვთ, რომელიც 300 წელიწადს ეყოფათ. ეს ხალხი ვერ აცნობიერებს, ისინი ერთ-ერთი უმსხვილესები არიან მსოფლიოში. ეს ძალიან კარგი ნავთობია, სუფთა, შესანიშნავი და ასეთი რესურსები როდესაც გაქვს, რაში გჭირდება ბირთვული ენერგეტიკა მშვიდობიანი მიზნებისთვის? ბირთვული ენერგეტიკა კარგია სამოქალაქო მიზნებისთვის, როდესაც ნავთობი არ გაგაჩნია, მაგრამ მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ მარაგზე როდესაც ზიხარ, რატომ საუბრობ ბირთვული სამოქალაქო ენერგეტიკის მოწყობაზე?
ირანს ჩვენთან ვაჭრობა სურს. კარგი, მე ეს მაწყობს. მე ვიყენებ ვაჭრობას ანგარიშების გასასწორებლად და მშვიდობისთვის, თუმცა ირანს ვუთხარი, რომ ჩვენ შეთანხმებას გავაფორმებთ და თქვენ ძალიან ბედნიერი იქნებით“, – აღნიშნა ტრამპმა.