ირანს ჩვენთან თამაში არ მოსწონს, – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შტატებმა ორ კვირაში გაანადგურა ირანის სამხედრო ძალები.
„ირანს ჩვენთან თამაში საერთოდ არ მოსწონს. დროთა განმავლობაში ამას ნახავთ. ფაქტობრივად, ჩვენ დაახლოებით ორ კვირაში გავანადგურეთ მათი სამხედრო ძალები“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს, ირანს ბირთვული იარაღი ჰქონდეს.
„ირანს შანსი არ აქვს, მათ არასდროს ჰქონიათ. მათ ეს იციან. ისინი ამას მეუბნებიან, როცა მათ ვესაუბრები და შემდეგ ტელევიზიით გამოდიან და ამბობენ, თუ რამდენად კარგად არიან. ისინი ავადმყოფები არიან და ჩვენ არ ვაპირებთ, რომ შეშლილებს ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ბირთვული იარაღის ძალაზე საუბარი არც კი მინდა, მაგრამ ეს არ მოხდება. ჩვენ ისინი სასტიკად დავამარცხეთ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ეკონომიკას დაანგრევს, რადგან გამარჯვება სურს.
მისი თქმით, ირანში საკმაოდ მაღალი ინფლაციაა და ქვეყანას არ შეუძლია, ჯარისკაცებს ანაზღაურება გადაუხადოს.
„მათი ვალუტა უსარგებლოა. მათი ინფლაცია, ალბათ, 150 %-ია. ისინი ჯარისკაცებს არ უხდიან. მათ არ შეუძლიათ, ჯარისკაცებს გადაუხადონ. მათი ფული უსარგებლოა“, – განაცხადა ტრამპმა.