დონალდ ტრამპი – ირანმა აშშ-ის მოქალაქეს, რომელიც მძინარე ბაიდენის „პრეზიდენტობის“ პერიოდში უსამართლოდ დააკავეს, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა, აშშ კეთილი ნების ამ ჟესტისთვის ირანს მადლობას უხდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა ამერიკის იმ მოქალაქის გათავისუფლებას, რომელიც, მისი თქმით, 2024 წლის დეკემბრიდან უსამართლოდ იყო დაკავებული.
„ირანის ხელისუფლებამ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, რომელიც 2024 წლის დეკემბერში, მძინარე ჯო ბაიდენის „პრეზიდენტობის“ პერიოდში უსამართლოდ დააკავეს, ქვეყნის დატოვების უფლება მისცა. ის ახლა უსაფრთხოდ იმყოფება ირანის ფარგლებს გარეთ და თავს კარგად გრძნობს. ამერიკის შეერთებული შტატები ირანს კეთილი ნების ამ ჟესტისთვის მადლობას უხდის“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
„სიენენის“ ცნობით, გათავისუფლებული მოქალაქე დენა კარარია. მისმა ადვოკატმა, ჯარედ გენსერმა განაცხადა, რომ კარარის მიერ ირანის დატოვება ნამდვილ სასწაულს ჰგავს, როგორც მიმდინარე ომის, ისე მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით. გენსერის თქმით, 53 წლის კარარიმ გასულ კვირას გულის შეტევა გადაიტანა.