დონალდ ტრამპი - ირანმა ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი დარტყმები იქნება ბევრად დიდი და უფრო მარტივი
ირანმა ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემდეგი დარტყმები იქნება ბევრად დიდი და უფრო მარტივი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მიმართვაში განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრი სახლიდან საგანგებო მიმართვა ამერიკული ბომბდამშენების მიერ ირანულ ბირთვულ ობიექტებზე დარტყმების განხორციელების შემდეგ გააკეთა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ურანის გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია.
„ცოტა ხნის წინ ამერიკელმა სამხედროებმა განახორციელეს მასირებული, ზუსტი დარტყმები ირანის რეჟიმის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. ყველას ესმოდა ეს სახელები წლების განმავლობაში, როდესაც ისინი აშენებდნენ ამ საშინელ, გამანადგურებელ საწარმოებს. ჩვენი მიზანი იყო ირანის ბირთვული გამდიდრების შესაძლებლობების განადგურება, რათა შეგვეჩერებინა ბირთვული საფრთხე მსოფლიოში ტერორიზმის სპონსორ ნომერ პირველი სახელმწიფოსგან. დღეს მე შემიძლია, ვაცნობო მსოფლიოს, რომ დარტყმები იყო სანახაობრივი სამხედრო წარმატება. ირანის ურანის ბირთვული გამდიდრების ძირითადი ობიექტები მთლიანად განადგურებულია. ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელმა, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს. თუ ამას არ იზამენ, მომავალი დარტყმები იქნება ბევრად დიდი და უფრო მარტივი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.