დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სანქციები მალე გაიზრდება
დონალდ ტრამპი - ირანის წინააღმდეგ სანქციები მალე გაიზრდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ირანის წინააღმდეგ სანქციებს მალე მნიშვნელოვნად გაზრდის. გადაწყვეტილების მიზეზად დონალდ ტრამპი ირანის მხრიდან ბირთვული შეთანხმების დარღვევას ასახელებს. განცხადება დონალდ ტრამპმა მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გააკეთა.

„ირანი უკვე დიდი ხანია, ფარულად ამდიდრებს ურანს, რაც ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმებული საშინელი 150 მილიარდ დოლარიანი ბირთვული შეთანხმების სრული დარღვევაა. სანქციები მალე გაიზრდება“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

7 ივლისს ირანმა ბირთვული შეთანხმებით გათვალისწინებული ურანის გამდიდრების მაჩვენებელი გაზარდა. კერძოდ, ურანის გამდიდრების მაჩვენებელმა ხელშეკრულებით განსაზღვრულ 3,67 პროცენტს გადააჭარბა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ოფიციალურმა თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვულ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება დატოვა და მალევე ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციები აამოქმედა.