დონალდ ტრამპი – ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა გადავწყვიტეთ, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები დასრულდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას.
ტრამპის თქმით, ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა ორივე მხარემ გადაწყვიტა, მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა აიღონ, ვიდრე დაკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდება. მისივე განცხადებით, ამ პერიოდში არცერთი მხარე ცეცხლს არ გახსნის.
„ყველანი იქ არიან. ერთი დარტყმაც საკმარისი იქნებოდა, რომ ყველა გაგვენადგურებინა, მაგრამ ამას არ ვიზამთ, რადგან მოლაპარაკებისთვის აღარავინ დაგვრჩებოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გაუკვირდა დაკრძალვაზე დამსწრე ირანელების ცრემლები.
„მეგონა, ხალხს ხამენეი სძულდა. შეიძლება, ეს ცრემლები ყალბი იყო“, – თქვა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მომავალ შეხვედრაზე. მისი თქმით, ნეთანიაჰუმ თეთრ სახლში შეხვედრა სთხოვა და შესაძლოა, შეხვედრა მომავალ კვირას, ნატო-ს სამიტიდან დაბრუნების შემდეგ გაიმართოს.
„ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ნეთანიაჰუმ იცის, ვინ არის მთავარი“, – განაცხადა ტრამპმა.
ეს ლიდერებს შორის პირველი შეხვედრა იქნება თებერვლის შემდეგ. Axios-ის ცნობით, თებერვლის შეხვედრის შემდეგ ტრამპის გარემოცვაში ნეთანიაჰუს მიმართ სკეპტიციზმი გაიზარდა. გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ტრამპის უახლოესი მრჩევლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნეთანიაჰუ თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხში ცდებოდა.