დონალდ ტრამპი – ირანელებს ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა, ჩვენც გვინდა, ყველაფერი თუ კარგად წავიდა, საბოლოოდ მოვაგვარებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი ძალებით გავაგრძელებთ დაბომბვას

18:42, 23.03.2026
WASHINGTON, DC - MARCH 31: U.S. President Donald Trump gestures while speaking during an executive order signing event in the Oval Office of the White House on March 31, 2025 in Washington, DC. Trump has signed an executive order against ticket scalping and reforming the live entertainment ticket industry. (Photo by Andrew Harnik/Getty Images)

WASHINGTON, DC - MARCH 31: U.S. President Donald Trump gestures while speaking during an executive order signing event in the Oval Office of the White House on March 31, 2025 in Washington, DC. Trump has signed an executive order against ticket scalping and reforming the live entertainment ticket industry. (Photo by Andrew Harnik/Getty Images)

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელებს ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს ფლორიდაში განუცხადა.

„მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა, ჩვენც გვინდა შეთანხმება“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ საკითხზე მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დღეს, სატელეფონო საუბრისას გაიმართება.

დონალდ ტრამპმა ახსენა „აშშ-ის პარტნიორები ახლო აღმოსავლეთში“ და აღნიშნა მათი მნიშვნელობა განხილვებში.

„ყველაფერი თუ კარგად წავიდა, საბოლოოდ ამას მოვაგვარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ, მთელი ძალებით გავაგრძელებთ დაბომბვას“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანი, შესაძლოა, მშვიდობის სანაცვლოდ, დათანხმდეს ბირთვული იარაღის პროგრამის შეწყვეტას.

„ხვალ, მათი დროით დილით მათი ყველაზე დიდი ელექტროსადგურის აფეთქებას ვაპირებდით, რომლის აშენებაც 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. ეს ძალიან კარგი ობიექტი იყო, ფულის ნაკლებობა არ ყოფილა. ერთი დარტყმით გაქრებოდა, ჩამოინგრეოდა. რატომ უნდა უნდოდეთ ეს? ამიტომ დაგვირეკეს, მე არ დამირეკავს, მათ დამირეკეს. მათ სურთ შეთანხმება. ჩვენც მზად ვართ შეთანხმებისთვის. ეს უნდა იყოს კარგი შეთანხმება, აღარ იყოს ომები და აღარ იყოს ბირთვული იარაღი. მათ აღარ ექნებათ ბირთვული იარაღი. ისინი ამას ეთანხმებიან. ამ საკითხზე თუ არ იქნება შეთანხმება, საერთოდ არ იქნება გარიგება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის „თანხვედრა” არსებობს. ტრამპის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.

„ვნახავთ, სად მიგვიყვანს ეს. ჩვენ გვაქვს ძირითადი თანხვედრა. მე ვიტყოდი, თითქმის ყველა საკითხზე არსებობს თანხმობა“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ ესაუბრება ირანის „მაღალჩინოსან პირს“, თუმცა არა ახალ უზენაეს ლიდერს.

„ჩვენ არ ვიცით, ის ცოცხალია თუ არა“, – განაცხადა ტრამპმა.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის ამ განცხადებებს წინ უძღოდა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ჩანაწერი, სადაც მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მან ბრძანება გასცა ირანის ელექტროსადგურებზე იერიშების ხუთი დღით გადადების შესახებ. ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ ორ ქვეყანას შორის რაიმე სახის მოლაპარაკება გაიმართა.

მსგავსი