დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე მიტანილ იერიშს სამარცხვინოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება
დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე მიტანილ იერიშს სამარცხვინოს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ძალიან მალე დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინდოეთის მიერ პაკისტანზე განხორციელებული იერიშების შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს სამარცხვინოა და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე დასრულდება.

„ეს სამარცხვინოა. ჩვენ ამის შესახებ შევიტყვეთ ახლა, როდესაც ოვალურ კაბინეტში შევდიოდით. ვფიქრობ, გამოცდილებიდან გამომდინარე, ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა. ისინი დიდი ხანია, იბრძვიან. იცით, ისინი იბრძვიან უკვე მრავალი ათწლეულია და საუკუნეებიც კი, თუ კარგად დავფიქრდებით. მე უბრალოდ იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა ტრამპმა.

მედიის ცნობით, ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში ცოტა ხნის წინ განახორციელა. მედიაში ვრცელდება ცნობები ინტენსიური დაბომბვისა და აფეთქებების შესახებ ქაშმირის რეგიონებში. პაკისტანში აცხადებენ, რომ ინდოეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. პაკისტანზე იერიშის შემდეგ ინდოეთის არმიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „სამართლიანობა აღსრულდა“. პაკისტანის სამხედრო წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ პაკისტანს საპასუხო რეაქცია უკვე აქვს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.