დონალდ ტრამპი - გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარება ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარებასთან დაკავშირებით დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდა. აღნიშნულ საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ფოქსთან“ ინტერვიუს დროს ისაუბრა.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, რომელიც აშშ-ის ვერც ერთმა პრეზიდენტმა ვერ მიიღო.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვფიქრობდი. ეს ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო ამერიკის შეერთებული შტატების ყველა პრეზიდენტისთვის, რაც ვერც ერთმა მათგანმა ვერ გააკეთა. ისევე, როგორც აშშ-ის საელჩოს გადატანა იერუსალიმში, რაც ასევე მე გავაკეთე“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა ინტერვიუს დროს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გოლანის მაღლობზე ისრაელის სუვერენიტეტის გავრცელება აღიარა. მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამო მიიღო.