დონალდ ტრამპი - გავეცი განკარგულება, რომ სამართალდამცავებმა ძალაუფლების უსაფრთხო გადაცემა უზრუნველყონ
დონალდ ტრამპი - გავეცი განკარგულება, რომ სამართალდამცავებმა ძალაუფლების უსაფრთხო გადაცემა უზრუნველყონ

წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა პირველი კომენტარი გააკეთა. ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპი 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის თემას შეეხო. ტრამპის თქმით, უპირობოდ გმობს ძალადობას, რომელის ადგილის აშშ-ში არ არის. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით, მისი მთავარი მიზნების შესრულება კანონის უზენაესობის დაცვის გარეშე შეუძლებელია.

„ბრბოს ძალადობა ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენი მოძრაობა უჭერს მხარს. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერის არასდროს დაუჭერდა მხარს პოლიტიკურ ძალადობას. ჩემი ჭეშმარიტი მხარდამჭერი არასდროს მოექცეოდა უღირსად სამართალდამცავებს ან აშშ-ის დროშას. არც ერთი ჩემი მხარდამჭერი არასდროს დაემუქრებოდა და შეავიწროებდა თანამოქალაქეებს. თუ თქვენ ამას აკეთებთ, მაშინ ჩვენი მოძრაობის მხარდამჭერი არ ხართ. პირიქით, თქვენ თავს ესხმით ამ მოძრაობას და ქვეყანას. ამას ვერ შევეგუებით“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა

მისივე თქმით, ყველა, ვინც მონაწილეობდა 6 იანვარს კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმაში, პასუხს აგებს. ტრამპმა მოუწოდა მხარდამჭერებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა დაძაბულობა განიმუხტოს.

მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცავებს დაავალა, რომ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო საშუალება გამოიყენონ.

„ყველამ უნდა მისდიოს კანონს და დაემორჩილოს სამართალდამცავების ინსტრუქციებს. მე ფედერალურ სააგენტოებს დავავალე, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ვაშინგტონში წესრიგი დაცული იყოს. ჩვენ მოვახდინეთ ათასობით გვარდიელის მობილიზაცია, რათა დავიცვათ ქალაქი, რომ ძალაუფლების გადაცემამ უსაფრთხოდ და ინციდენტების გარეშე ჩაიაროს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც შოკირებული და დამწუხრებული ვარ კაპიტოლუმში მომხდარი კატასტროფის გამო“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, თავის მიმართვაში ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ში სიტყვის თავისუფლება დღეს უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშაა.

„ეს რთული და დაძაბული დროა. ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ჩვენი თანამოქალაქეების ცენზურის, შავ სიაში შეყვანისა და გაუქმებისკენ, არასწორი და სახიფათოა. ის, რაც დღეს გვჭირდება, ერთმანეთის მოსმენაა და არა ერთმანეთის ხმის დახშობა“, – განაცხადა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, 13 იანვარს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ეს პირველი შემთხვევაა აშშ-ის ისტორიაში, როდესაც პრეზიდენტს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადეს.