დონალდ ტრამპი ფინანსური სტიმულირების ახალი პაკეტის მიღების შესახებ „დემოკრატებთან“ მოლაპარაკებებს არ აპირებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დემოკრატიულ პარტიასთან“ კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული ფინანსური სტიმულირების ახალი პაკეტის მიღების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„დავავალე ჩემს წარმომადგენლებს, შეაჩერონ მოლაპარაკებები არჩევნებამდე. როგორც კი გავიმარჯვებ, ჩვენ დავამტკიცებთ სტიმულირების დიდ პაკეტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება შრომისმოყვარე ამერიკელებსა და მცირე ბიზნესზე“, – წერს დონალდ ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე „ნენსი პელოსი 2,4 ტრილიონ დოლარს ითხოვს ცუდად მართული, კრიმინალის მაღალი დონის მქონე „დემოკრატების“ შტატების დასაფინანსებლად, რასაც „კოვიდ-19“-თან არანაირი კავშირი არ აქვს“.
„გიჟი ნენსი პელოსი და მემარცხენე რადიკალი „დემოკრატები“ უბრალოდ თამაშობენ მუშებისთვის ასე საჭირო მასტიმულირებელ დაფინანსებასთან. მათ სურთ, მხოლოდ იზრუნონ „დემოკრატების“ მიერ წარუმატებლად მართულ, კრიმინალის მაღალი დონის მქონე შტატებსა და ქალაქებზე“, – აღნიშნავს აშშ-ის პრეზიდენტი.