დონალდ ტრამპი ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციის გამჟღავნების განზრახ გაჭიანურებაში სდებს ბრალს
დონალდ ტრამპი ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინაზე ინფორმაციის გამჟღავნების განზრახ გაჭიანურებაში სდებს ბრალს

დონალდ ტრამპმა ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების განზრახ გაჭიანურებაში დასდო ბრალი. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, „პფიზერმა“ და სხვა კომპანიებმა ვაქცინის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაამჟღავნეს, რაც „სტრატეგიულ მიზნებს“ ემსახურებოდა.

„წლების განმავლობაში დიდი ფარმაცევტული კომპანიების და მათი იურისტების, იურისტების და მოსყიდული პოლიტიკოსების არმია ამერიკელ ხალხს ჩაგრავდა. მე ერთგული ვარ პაციენტების და ხალხის, რომელთაც სჭირდებათ მედიკამენტები. მე ამერიკელი ხალხისთვის ვიბრძვი. ეს იოლი არ არის. დიდი ფარმაცევტული კომპანიები მილიონობით დოლარს ხარჯავდნენ ჩემს საწინააღმდეგო ნეგატიური შინაარსის რეკლამაზე საარჩევნო კამპანიის დროს, რომელშიც სხვათა შორის, მე გავიმარჯვე. ჩვენ მივიღეთ 74 მილიონი ხმა და ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გამოდიოდნენ დიდი ფარმაცევტული კომპანიები, მედია, ტექნოლოგიური კომპანიები. ძალიან არასამართლიანად გვექცეოდნენ. „პტფიზერმა“ და სხვებმა გადაწყვიტეს ვაქცინის შესახებ ინფორმაცია არჩევნების დასრულებამდე არ გაესაჯაროებინათ. ისინი დაელოდნენ და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გამოაცხადეს ეს ინფორმაცია, რაც ადრე რომ გაეკეთებინათ, სავარაუდოდ ამას არჩევნებზე ექნებოდა გავლენა. ვინ იცის?, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ ფარმაცევტულმა კომპანია „პტფიზერმა“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციის მოთხოვნა ოფიციალურად 20 ნოემბერს წარადგინა. როგორც ვარაუდობენ, ვაქცინა ევროპასა და აშშ-ში დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი.