დონალდ ტრამპი - ევროპა აქტიურდება და იღებს მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე, ეს მათ დაეხმარება მომავალში ისეთი კატასტროფების პრევენციაში, როგორიცაა რუსეთი-უკრაინის ვითარება
ევროპა აქტიურდება და იღებს მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ უსაფრთხოებაზე. ეს მათ დაეხმარება მომავალში ისეთი კატასტროფების პრევენციაში, როგორიცაა რუსეთი-უკრაინის ვითარება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ „ტრამპმა ნატო-ს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თავდაცვის ხარჯებისთვის მშპ-ის 5% გამოყოფა წელიწადში ერთი ტრილიონ დოლარს შეადგენს.
„სამიტზე ჩვენი საუბრების ძირითადი ნაწილი დაეთმო საჭიროებას, რომ ნატო-ს სხვა წევრებმა საკუთარ თავზე აიღონ ევროპის თავდაცვის ტვირთი. ეს მოიცავს ფინანსურ ტვირთს, როგორც იცით, ის შეადგენდა 2%, ჩვენ ის 5%-მდე გავზარდეთ. აშშ-ზე ნატოს თავდაცვითი ხარჯების ორი მესამედი მოდის მას შემდეგ, რაც მოვითხოვე დამატებითი ვალდებულებების აღება 2017 წელს. გნებავთ, დაიჯერეთ, გნებავთ – არა, მაგრამ ჩვენმა მოკავშირეებმა ხარჯები 700 მილიარდი დოლარით გაზარდეს. როდესაც 6 თვის წინ, არჩევნების შემდეგ დავბრუნდი, მათ დააჩქარეს გეგმები საბოლოოდ 5%-ის მისაღწევად. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად იქნება.
ნატო-ს მოკავშირეებმა ვალდებულება აიღეს დრამატულად გაზარდონ თავიანთი თავდაცვითი ხარჯები მშპ-ის 5%-მდე. ის, რაც შესაძლებლად არავის მიაჩნდა, ახლა ამბობენ, რომ ეს მე გავაკეთე და კარგად გამომივიდა. ეს გახდება ცნობილი, როგორც ჰააგის თავდაცვითი ვალდებულება, რაც ძალიან კარგი და შესაბამისია. როდესაც მოკავშირეები მიაღწევენ ამ რიცხვს, ეს წელიწადში დამატებით ერთი ტრილიონ დოლარზე მეტს მოგცემთ. დაფიქრდით, წლიურად ერთი ტრილიონი დოლარი ჩვენი საერთო თავდაცვისთვის. ეს ნამდვილად ღირსშესანიშნავი გამარჯვებაა აშშ-ისთვის, რადგან ჩვენ გაცილებით მეტს ვიხდიდით, ვიდრე სამართლიანი წილი მოითხოვდა. ეს დიდი გამარჯვებაა ევროპისა და დასავლური ცივილიზაციისთვისაც. ევროპა აქტიურდება და იღებს მეტ პასუხისმგებლობას თავის უსაფრთხოებაზე, რაც დაეხმარება მათ მომავალში ისეთი კატასტროფების პრევენციაში, როგორიცაა რუსეთისა და უკრაინის ვითარება და ვიმედოვნებ, რომ ის მალე მოგვარდება“, – განაცხადა ტრამპმა.