დონალდ ტრამპი – ენდი ბერნემმა თქვა, რომ აპირებს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნას, თუ ამას გონივრულად გააკეთებს, დიდი ბრიტანეთი ნამდვილად მდიდარი ქვეყანა გახდება

01:23, 30.07.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა განუცხადა, რომ ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოების გახსნას გეგმავს.

ტრამპის განმარტებით, თუ გაერთიანებული სამეფო ჩრდილოეთის ზღვის რესურსებს გამოიყენებს,  ქვეყანა გამდიდრდება.

„მან თქვა, რომ აპირებს ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის საბადოს გახსნას. თუ ამას გონივრულად  გააკეთებს, თქვენ მდიდარი ქვეყანა გახდებით. მე პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ვეუბნებოდი: „გახსენით ჩრდილოეთის ზღვა“. გახსენით ის. ყველაფერი კარგად იქნება“, – აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამაში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის დარწმუნება ვერ შეძლო.

ტრამპის განცხადებით, ნავთობის სფეროში მისმა ახლო გარემოცვამ სთხოვა, ბრიტანეთის მთავრობა დაერწმუნებინა, ჩრდილოეთის ზღვა გაეხსნათ.

„თქვენ გაქვთ ერთ-ერთი საუკეთესო ნავთობი, ეს არის საუკეთესო რესურსი პლანეტაზე. თქვენ არ გიწევთ ნორვეგიისთვის სამმაგი ფასის გადახდა მისი მოპოვებისთვის. თქვენ გაქვთ საკუთარი ნავთობი და გაზი. თუ ჩრდილოეთის ზღვას გამოიყენებთ, გაერთიანებული სამეფო ნამდვილად მდიდარი ქვეყანა გახდება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ნორვეგიას ტრილიონობით დოლარი აქვს დაზოგილი ჩრდილოეთის ზღვის ნავთობის გაყიდვის შედეგად, ხოლო შოტლანდიას ჩრდილოეთის ზღვის კიდევ უფრო დიდი ნაწილი უჭირავს.

ამასთან, როგორც ტრამპმა აღნიშნა, ჩრდილოეთის ზღვაში არსებობს ჯერ კიდევ შეუსწავლელი ადგილებიც, სადაც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ნავთობის საბადოა მსოფლიოში.

მსგავსი