დონალდ ტრამპი - ერ-რიადში შეხვედრა ძალიან კარგი იყო, ნაკლებად გამოცდილ მომლაპარაკებელს დიდი ხნის წინ უნდა დაედო შეთანხმება, აშშ ჩააქრობს ხანძრებს მსოფლიოში
დონალდ ტრამპი - ერ-რიადში შეხვედრა ძალიან კარგი იყო, ნაკლებად გამოცდილ მომლაპარაკებელს დიდი ხნის წინ უნდა დაედო შეთანხმება, აშშ ჩააქრობს ხანძრებს მსოფლიოში

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეფასებით, ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა ძალიან კარგი იყო.

მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ „ბევრად დარწმუნებულია“ სამშვიდობო შეთანხმებაში.

„შეხვედრა ძალიან კარგი იყო. რუსეთს რაღაცის გაკეთება სურს, უნდა ბარბაროსობის შეჩერება, იმის, რაც იქ ხდება. ყოველკვირეულად ათასობით ჯარისკაცს კლავენ. ჩვენ გვინდა ამ ომის დასრულება. ეს უაზრო ომია, რომელიც არასოდეს უნდა მომხდარიყო, არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი და სირცხვილია ამის ნახვა. მე ვხედავ სურათებს, რომლებსაც თქვენ ვერ ხედავთ, ბრძოლის ველზე არსებული მდგომარეობის სურათებს, რომლებიც უბრალოდ საშინლად გამოიყურება. ეს ხდება ყოველდღიურად და საშინელებაა. როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა კარგავენ ათასობით ჯარისკაცს და იღუპება უამრავი ადამიანი. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი რამ, რასაც მოგვიანებით ნახავთ. ვფიქრობ, ხალხს გაუკვირდება, რამდენი ადამიანი, არამარტო ჯარისკაცი, დაიღუპა უკრაინაში. ბევრად მეტი ადამიანი, ვიდრე თქვენ ფიქრობთ“, – განაცხადა ტრამპმა.

კითხვაზე, რა არის მისი გზავნილი უკრაინელებისთვის, რომლებიც შეიძლება, თავს იმედგაცრუებულად გრძნობდნენ იმის გამო, რომ შეხვედრაზე არ იყვნენ, ტრამპი პასუხობს, რომ უკრაინას ჰქონდა სამი წელი და ბევრად ადრეც  შეეძლო თავისი ადგილის დაკავება.

„ვფიქრობ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც მოხდა, ვგულისხმობ, იმას, რასაც სამი წლის განმავლობაში ვუყურებ. ეს ის ომია, რომელიც არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვარ. მესმის, რომ ისინი ნერვიულობენ ადგილის არქონის გამო, მაგრამ მათ ჰქონდათ ადგილი სამი წლის განმავლობაში და ბევრი წლით ადრეც, ვფიქრობ, ბევრი მიწის დაკარგვის, სიცოცხლის დაკარგვის, ქალაქების დაკარგვის გარეშე. ნაკლებად გამოცდილ მომლაპარაკებელს დიდი ხნის წინ უნდა დაედო შეთანხმება. პუტინი ამას არასოდეს გააკეთებდა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და, სხვათა შორის, ჩვენ არ გვექნებოდა 7 ოქტომბერი და არ გვექნებოდა ეს არეულობა ყველგან. ამერიკა ჩააქრობს ხანძრებს მთელ მსოფლიოში“, – განაცხადა ტრამპმა.

რაც შეეხება ომის დასრულების შესახებ შეთანხმების შემდეგ უკრაინაში ევროპული ჯარების განლაგების შესაძლებლობის თაობაზე დასმულ კითხვას, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, „თუ მათ სურთ ამის გაკეთება, ეს შესანიშნავია“.

„ვიცი, რომ ამის შესახებ აღნიშნეს საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, სხვებმაც  და მე არ ვარ წინააღმდეგი. ჩვენ არ განვათავსებთ, რადგან ძალიან შორს ვართ, მაგრამ მათ თუ სურთ, მე არ ვიქნები წინააღმდეგი“, – აღნიშნა ტრამპმა.