დონალდ ტრამპი - ძალიან გავბრაზდებით, თუ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების მიღმა საუდის არაბეთი დგას
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერ-რიადს ემუქრება. იმ შემთხვევაში, თუ ჟუნრალისტ ჯამალ ხაშოგის გაუჩინარების მიღმა საუდის არაბეთი დგას, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მკაცრი სასჯელით იმუქრება. აღნიშნულ საკითხზე თეთრი სახლის ლიდერმა ტელეკომპანია CBS-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ ძალიან გავბრაზდებით, თუ ეს ვარაუდი დადასტურდება. ჯერჯერობით, ისინი ბრალდებას უარყოფენ. ჩვენ აუცილებლად გავარკვევთ რეალობას და თუ მათი კვალი დადასტურდება, სერიოზული სასჯელი ელოდებათ“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ინტერვიუს დროს.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა სახის სასჯელი მომზადდება ვაშინგტონის მხრიდან, დონალდ ტრამპმა გარკვეული ტიპის სანქციები არ გამორიცხა.
ჯამალ ხაშოგი, ჟურნალისტი საუდის არაბეთიდან, 2017 წლის შემდეგ Washington Post-ში მუშაობდა. პირველ მეუღლესთან განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტების მისაღებად ის სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოს ორ ოქტომბერს ესტუმრა, რის შემდეგაც ჟურნალისტი გაუჩინარდა. მისი მეუღლე აცხადებს, რომ ჯამალ ხაშოგს საკონსულოს ტერიტორია არ დაუტოვებია. ცოტა ხნის წინ კი თურქულმა გამოცემა Sabah-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის საკონსულოში გაუჩინარებული ჟურნალისტის მკვლელობის მომენტი მის Apple Watch-ზე აისახა. ავტომატური სინქრონიზაციის შედეგად კი Apple Watch-ის და ჟურნალისტის სმარტფონის ერთმანეთთან დაკავშირება მოხდა, რის შემდეგაც საათში ჩაწერილი მასალა iCloud-ში აიტვირთა.