დონალდ ტრამპი დრონებისა და მისი კომპონენტების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს

09:59, 14.08.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დრონებისა და მისი კომპონენტების იმპორტზე ტარიფებს დააწესებს. შესაბამისი ინფორმაცია თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტარიფები დაუწესდებათ აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებსაც. თეთრი სახლის ცნობით, ტარიფების დაწესების მიზეზი ეროვნული უსაფრთხოებაა, რადგან შტატები უცხოელ მომწოდებლებზე ზედმეტად არის დამოკიდებული.

„პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომელიც დრონებისა და კომპონენტების იმპორტით გამოწვეული ეროვნული უსაფრთხოების კუთხით საფრთხის მოგვარებას ისახავს მიზნად, კერძოდ, აშშ-ის დრონების ინდუსტრიისა და მიწოდების ჯაჭვის გაძლიერებას. დრონები თანამედროვე შეიარაღებული კონფლიქტის ძირითადი ტექნოლოგიაა და კრიტიკულად მნიშვნელოვანია აშშ-ის მიმდინარე და მომავალი სამხედრო ოპერაციებისთვის. აშშ-ის დრონების წარმოების სწრაფი გაფართოება აუცილებელია აშშ-ის ეროვნული და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 100%-იანი ტარიფები დაწესდება იმ დრონებზე, რომელთა წონაც 25 კგ-ს აღემატება, მცირე ზომის დრონებზე კი შედარებით დაბალი ტარიფები იქნება.

ამასთან, თეთრი სახლის განცხადებით, გარკვეული მოკავშირე ქვეყნებისთვის გათვალისწინებულია უფრო დაბალი განაკვეთები, იმ პირობით, რომ თითქმის ყველა აპარატურა, პროგრამული უზრუნველყოფა და ტექნოლოგია წარმოებულია ამ ქვეყნებში ან შეერთებულ შტატებში. კერძოდ, ევროკავშირის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ტაივანის, შვეიცარიისა და ლიხტენშტეინის მიმართ დაწესდა 15%-იანი ტარიფი, ხოლო გაერთიანებული სამეფოს მიმართ – 10%-იანი.

ტარიფები ძალაში 21 დღეში შევა.

მსგავსი