ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი, როგორც ჩანს, მკვდარია, – ასე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვას სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოდან გაუჩინარებული ჯამალ ხაშოგის შესახებ.
თუმცა, აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა დასკვნების საფუძველზე მიიჩნევს გარდაცვლილად ჟურნალისტს.
„ეს ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნავს დონალდ ტრამპი და განმარტავს, რომ ის ჯერ კიდევ ელოდება გამოძიების შედეგებს, მაგრამ აცხადებს, რომ „იქნება ძალიან მკაცრი“, თუ დადასტურდება, რომ ხაშოგის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ერ-რიადს ეკისრება.
ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. ის სტამბოლში, წარმოშობით თურქ საცოლესთან ერთად იმყოფებოდა. საუდის არაბეთის საკონსულოში კი, პირველ მეუღლესთან განქორწინების დოკუმენტების გასაფორმებლად იყო დაბარებული. ჯამალ ხაშოგისსაცოლემ დახმარებისთვის თურქ სამართალდამცველებს მას შემდეგ მიმართა, რაც საკონსულოს შესასვლელთან ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ, მასთან ერთ-ერთი თანამშრომელი გამოვიდა და აცნობა, რომ მისმა საქმრომ შენობა უკვე დატოვა. თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ის მოკლეს, სხეული კი დაანაწევრეს.